logo
ENG



"EU-ს განცხადებაში სიტყვა "საკმარისად" საკვანძოა" - როგორ იმართლებს თავს ზალკანიანი

01 სექ 202114:29
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟურნალისტებს პარტნიორების განცხადებების "კარგად კითხვისკენ" მოუწოდებს და ამბობს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის გუშინდელ განცხადებაში საკვანძოა სიტყვა -"საკმარისად". 

ზალკალიანმა თქვა, რომ ​ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები "მნიშვნელოვნად შეასრულა", თუმცა მათ და ევროკავშირს განსხვავებული აღქმები აქვთ, "რაც პოზიციების შეუსაბამობას იწვევს".

"მინდა ძალიან კარგად ვისწავლოთ კითხვა იმ განცხადებებისა, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ და არ წარმოვაჩინოთ ეს ისე, თითქოს საქართველომ შეიცვალა კურსი და გადაუხვია დასავლურ კურსს... ძალიან მკაფიოდ იყო გუშინდელ განცხადებაში და მინდა წავიკითხო: "ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი. პატივს ვცემთ საქართველოს ხელისუფლებს გადაწყვეტილებას და ამავე დროს, აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა".

აქ ხაზს ვუსვამ სიტყვას - "საკმარისად", რადგან ეს არის საკვანძო სიტყვა ამ განცხადებაში", - ამბობს ის.

ზალკალიანის თქმით, ევროკავშირი ხელისუფლების რეფორმებს მხოლოდ "რაღაც ნაწილში" მიიჩნევს არასაკმარისად.

"აქ არის სწორედ პრობლემა, რომ ევროკავშირი აღნიშნავს რაღაც ნაწილში, რომ ის იღებს იმ რეფორმებს, რაც მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა, რაღაც ნაწილში კი ამბობს, რომ ეს არის არასაკმარისი. 

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მნიშვნელოვნად არის შესრულებული. აქ არის განსხვავებული აღქმები ჩვენსა და ევროკავშირს შორის და ეს იწვევს პოზიციების შეუსაბამობას", - ამბობს ზალკალიანი.

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. კერძოდ, საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე.

ეს ევროკავშირის გაფრთხილებაზე ფინანსური დახმარების შესახებ ქართული ოცნების მიერ მოფიქრებული ახალი მესიჯბოქსია.

ღარიბაშვილის თქმით, EU ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი "საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება". 

30 აგვისტოს ამ თემაზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მან თქვა, რომ ევროკავშირის მიერ დახმარების სახით 75 მილიონი ევროს მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, ვინაიდან საქართველოს ბიუჯეტში, "მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ისედაც გროვდება დამატებით 1 მილიარდი ლარი". 


close დახურვა